ავტოგრაფი

„როგორ შეიძლება სინდისმა არ შეგაწუხოს, როცა ერთი ადამიანი ფუფუნებაში ცხოვრობს, მოგზაურობს, საკუთარ სურვილებს ისრულებს, და ამავე დროს სხვა მშობელი მთელ ღამეს ათენებს ერთადერთი ნატვრით — თავის შვილს ტკივილი ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს.“

ემიგრანტი თამთა საბელაშვილი ემოციურ ვიდეომიმართვას TikTok გვერდზე ავრცელებს და საქართველოში მცხოვრებ იმ დედებს ეხმაურება, რომლებიც დღეს თავიანთი შვილების დასაცავად იბრძვიან.

თამთა საბელაშვილი ამბობს, რომ საქართველოდან საფრანგეთში დაახლოებით ცხრა წლის წინ წავიდა. მიზეზი მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო — ორი წლის განმავლობაში ბავშვს მძიმე ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა და საჭირო გახდა მედიკამენტების მუდმივი ცვლილება, სანამ სწორი მკურნალობის გზა მოიძებნებოდა. მისი თქმით, იმ დროს საქართველოში შესაბამისი სამკურნალო დახმარების მიღება ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ მოუწია ქვეყნის დატოვება.

როგორც თამთა იხსენებს, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მედიაპლატფორმამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა ემიგრაციასა და საქართველოში გადატანილ სირთულეებზე. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების ნაწილის მხრიდან მხარდაჭერასთან ერთად მძიმე და მტკივნეული კომენტარები მიიღო.

„ბევრი წერდა, რომ არ სჯეროდათ საქართველოში მსგავსი პრობლემების არსებობის. ზოგი ფიქრობდა, თითქოს ეს ყველაფერი მოვიგონე იმისთვის, რომ საფრანგეთში წასვლა გამემართლებინა,“ — ამბობს იგი.

თამთა განსაკუთრებით მძიმე გამოცდილებებს იხსენებს, რომლებიც მისი თქმით, დღემდე არ ავიწყდება.

„როდესაც ექიმი მშობელს ეუბნება — თქვენი შვილი მაინც ვეღარ განვითარდება, მუთაქასავით გეყოლებათ სახლში და ჯობია მეორე გააჩინოთ — ასეთ სიტყვებს ვერასდროს ივიწყებ.ბავშვს ცხვირში ზონდი ჰქონდა და მისი ყოველი გამოცვლა უდიდეს შიშთან იყო დაკავშირებული.ვფიქრობდი — ამაზე მეტი რაღა უნდა გადაიტანოს ბავშვმა.“


თამთა ასევე იხსენებს საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ(შშმპ).

„რადგან ჩემი შვილი არ საუბრობდა და მხოლოდ გარკვეულ ხმებს გამოსცემდა, მაიძულებდნენ ტაქსით მევლო — ასეთი ბავშვი სხვებს შეაწუხებსო. არ ვიცი, რა უფრო აწუხებდათ — მისი ხმა თუ მისი არსებობა.“

მისივე თქმით, საქართველოში მკურნალობის ფინანსური ტვირთიც უმძიმესი იყო.

„ორი კვირის მკურნალობისთვის 2500 ლარი მქონდა გადასახდელი და სრულიად ჩვეულებრივად მეუბნებოდნენ — თუ თანხას ვერ გადაიხდით, თქვენი შვილი აქ ვეღარ იმკურნალებს.“

თამთა საბელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად თანაგრძნობის ნაკლებობა სტკიოდა.

„თანადგომა ხშირად სიბრალული ჰგონიათ. თითქოს უნდა შეგიცოდონ და მერე ამისთვის მადლიერიც უნდა იყო. ძალიან იშვიათად მინახავს ნამდვილი ემპათია.“

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ უკვირს დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და იმ მშობლების უკმაყოფილება, რომლებიც შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან.

„როგორ შეიძლება სინდისმა არ შეგაწუხოს, როცა ერთი ადამიანი ფუფუნებაში ცხოვრობს, მოგზაურობს, საკუთარ სურვილებს ისრულებს, და ამავე დროს სხვა მშობელი მთელ ღამეს ათენებს ერთადერთი ნატვრით — თავის შვილს ტკივილი ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს.“

საქართველოში დაბრუნებაზე საუბრისას თამთა საბელაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მისთვის ყოველთვის მტკივნეულია, რადგან მაშინვე ყველა ის მძიმე გამოცდილება ახსენდება, რაც შვილთან ერთად გამოიარა.

მისი თქმით, ვერასდროს დაივიწყებს იმ გარემოებას, სადაც საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის თითქმის მარტო უწევდა ბრძოლა.

„როდესაც მეკითხებიან, რატომ არ ვბრუნდები საქართველოში, მახსენდება ყველა ის პრობლემა, რაც უკან დავტოვე — შიში, უძლურების განცდა და მუდმივი ბრძოლა ჩემი შვილის უშედეგო მკურნალობისთვის“ — ამბობს თამთა.

„ ვერ დავბრუნდებოდი იქ, სადაც მშობელს ეუბნებიან, რომ მისი შვილი ტვირთია… სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების (შშმპ) მიმართ ხშირად არც ემპათია არსებობს და არც მხარდაჭერა საზოგადოებისგან.“

თამთა საბელაშვილის თქმით, მისთვის ყველაზე მძიმე არა მხოლოდ ფინანსური სირთულეები, არამედ სოციუმის დამოკიდებულება იყო.

„თანადგომა ხშირად სიბრალული ჰგონიათ. მე კი არასდროს მჭირდებოდა შეცოდება — მჭირდებოდა ადამიანური მხარდაჭერა, რომელიც ბავშვს სიცოცხლის უფლებას არ წაართმევდა.“

თამთა სოლიდარობას უცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას ითხოვენ. ვიდეომიმართვაში იგი მწვავედ აკრიტიკებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ამ ოჯახების გასაჭირი არ ესმის.

ვიდეომიმართვის ბოლოს სამი შვილის ემიგრანტი დედა ამბობს:

„ვწუხვარ, რომ დღეს საქართველოში არ ვარ და ქართველი დედების გვერდით ვერ ვდგავარ, ზუსტად ვიცი, რა გზას გადიხართ".